English / ქართული / русский /
დალი მაგრაქველიძე
ინოვაციურ საინვესტიციო პროექტები და ვენჩურული კაპიტალის მნიშვნელობა მათ დაფინანსებაში

ანოტაცია.ინოვაცია ეკონომიკური პროგრესის მამოძრავებელია, მას სარგებელი მოაქვს მომხმარებელის, ბიზნესისა და მთლიანად ეკონომიკისათვის. ინოვაციის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი არის მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. მარტივად რომ ვთქვათ, იგი ნაკლები მასალისა და რესურსის დანახარჯით  მეტი  პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობას იძლევა. რაც, თავის მხრივ, იწვევს ეკონომიკურ ზრდას. ინოვაციური პროექტების დაფინანსების მთავარი პრობლემა არის უკან დაბრუნების (უკუგების) მაღალი რისკი და ხანგრძლივი ანაზღაურება. ამ პროექტების უმეტესობას არ აქვს საკმარისი საგარანტიო სახსრები, მათი რესურსები შეზღუდულია და მხოლოდ საკუთარი იდეები და ტექნოლოგიები წარმოადგენს მათ ხერხემალს.ინოვაციური პორექტების მაღალრისკიანობიდან გამომდინარე დასაფი­ნან­სებლად აუცილებელია ვენჩურული კაპიტალის გამოყენება.

საკვანძო  სიტყვები:  ვენჩურული კაპიტალი, ვენჩურული ბიზნესი, ინოვაცია, „სიკვდი­ლის ხეობა“. 

შესავალი

დღევანდელ მსოფლიოში მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში სულ უფრო იზრდება ტექნოლოგიური ინოვაციების როლი, რადგან მათი მეშვეობით იცვლება მსოფლიო ეკონომიკა, რაც ხელს უწყობს ქვეყნების ეკონომიკურ  ზრდას.

ინოვაცია შეიძლება მარტივად განიმარტოს როგორც ახალი იდეა, გამოგონება, რომელიც მანამდე არარსებობდა ბუნებაში, თუმცა ინოვაციად ხშირად მიიჩნევა საუკეთესო გადაწყვეტილებების  გამოყენებაც, რომლებიც პასუხობენ ახალ  მოთხოვნებს.

ინვესტიციები ინოვაციებში უაღრესად აქტუალური პრობლემაა, რადგან ინოვაციურ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია დაბანდებათა გრძელვადიანი ხასითისა და პირველ ეტაპზე უკუგების არარსებობის გამო, ასევე შედეგის მიუღებლობის რისკით. აღნიშნულმა გარემოებამ ვენჩურული (სარისკო) ბიზნესის განვითარებას შეუწყო  ხელი. 

* * *

ვენჩურული ბიზნესი გულისხმობს ახალი იდეების, პროგრესული სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებების დაფინანსებასა და მათ დაყვანას გაყიდვისთვის მიზანშეწონილ დონემდე, ანუ  კომერციალიზაციას.  ვენჩურული ბიზნესი საჭიროებს დიდ ცოდნას, დიდ ფულსა და დიდ  გარჯას, მაგრამ  წარმატების  შემთხვევაში იგი უზარმაზარი მოგების მომტანია.

ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ეს სახეობა ჯერჯერობით ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან, არ გაგვაჩნია ახალ ტექნოლოგიებთან და სარისკო ინვესტიციებთან მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე, ფინანსური ინფრასტრუქტურა. ინოვაციური პროექტების დაფინანსების მთავარი პრობლემა არის უკან დაბრუნების (უკუგების) მაღალი რისკი და ხანგრძლივი ანაზღაურება. ამ პროექტების უმეტესობას არ აქვს საკმარისი საგარანტიო სახსრები, მათი რესურსები შეზღუდულია და მხოლოდ საკუთარი იდეები და ტექნოლოგიები წარმოადგენს მათ ხერხემალს. ამგვარი საწარმოების დაფინანსების პრობლემამ ეკონომიკაში მიიღო „სიკვდილის ხეობის“ ცნება. ეს გამოიხატება იმით, რომ პროდუქტის პროექტის ნაწილსა და მის ბაზარზე გაშვებას შორის დიდი ხნის განმავლობაში წარმოიშვა პრობლემები დაფინანსების მხრივ, რაც იწვევს ფულადი სახსრების დიდ ხარვეზებს და, შედეგად, გადახდის უუნარობას, რაც საფრთხეს უქმნის პროექტის არსებობას [1].

"სიკვდილის ხეობის" წარმოქმნის მიზეზი ინვესტორებისა და ბიზნესმენთა (დევე­ლოპერების) განსხვავებული მიზნებია: პირველები მიისწრაფვიან  სწრაფი მოგების მიღებისაკენ, ხოლო მეორენი ორიენ­ტირებულ­ნი არიან სამეცნიერო შედეგის მიღებაზე. პრობლემა იწყება პროექტის ეტაპიდან კომერციული განვითარების ეტაპზე გადასვლის მომენტში. ამ დროს დიდი გაურკვევლობა ჩნდება და ყველა სახის რისკი მყისიერად იზრდება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს განსაკუთრებით აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვას.

ადრეულ ეტაპებზე ინოვაციური სტრუქტურის მხარდასაჭერად არსებობს სახელმწიფო დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტები: სამეც­ნიერო  და ტექნიკური სფეროში მცირე საწარმოების განვითარების ხელ­შეწყობის ფონდი, რეგიონული ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ცენტრები, ბიზნესინკუბატორები და ტექნოლოგიური პარკები.

ასევე შესაძლებელია ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა, ანუ კერძო ინვესტორების, მაგრამ რისკის მაღალი ხარისხის გამო მათ სჭირდებათ მოგების უზარმაზარი გამოქვითვა, ბიზნესის წილი და ა.შ. [2].

გამოიყოფა „ვენჩურული კაპიტალის ცნების ინტერპრეტირების ორგვარი მიდგომა: ამერიკული და ევროპული. „ვენჩურული კაპიტალის ცნების პირველადი შინაარსი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სიტყვა „ვენჩურის“ (ინგლ. «venture») ეტიმოლოგიურ მნიშვნელობასთან, რომელიც, ერთი მხრივ, ნიშნავს საწარმოს და მეორე მხრივ  – რისკს. „ვენჩურული კაპიტალის ცნების ამერიკულ ინტერპრეტირებას შეგვიძლია ვიწრო ვუწოდოთ. ასე მაგალითად, აშშ-ში ვენჩურულ კაპიტალში იგულისხმება მხოლოდ ის, რაც მოქმედებს მაღალტექნოლოგიური კომპანიის დამკვიდრების ადრეულ ეტაპებზე. აშშ-ის ვენჩურული კაპიტალის ეროვნულმა ასოციაციამ (NVCA) შემდეგნაირად განმარტა „ვენჩურული კაპიტალის” ცნება: „კაპიტალი, უზრუნველყოფილია ამ სფეროს პროფესიონალებით, რომლებიც მენეჯმენტის განხრით ეხმარებიან კონკურენტუნარიან და მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებად კომპანიებს“. ვენჩურული კაპიტალი მოიაზრება, როგორც პირდაპირი ინვესტირების სახეობა. ვენჩურული კაპიტალის ევროპული ინტერპრეტირება უფრო ფართოა.

ევროპაში აღნიშნულ ცნებაში მოიაზრება სააქციო ინვესტირებული ყველა სახეობა და ტიპი მცირე და საშუალო კომპანიების განვითარების ყველა ეტაპზე, რომლებიც იყენებენ მაღალ ტექნოლოგიებს და არ არიან წარმოდგენილი საფონდო ბირჟაზე. პირდაპირი ინვესტირებისა და ვენჩურული კაპიტალის ევროპული ასოციაციის (EVCA)  განმარტების თანახმად, ვენჩურული კაპიტალი არის პროფესიული ფირმების მიერ შეთავაზებული სააქციო კაპიტალი. ავსტრალიელი ეკონომისტები ვენჩურულ კაპიტალს განიხილავენ, როგორც მაღალი რისკის მქონე კაპიტალს, რომლის ინვესტირება ხდება ახალ ან ახალგაზრდა, სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე  საწარმოებში მოგების მაღალი ნორმის მიღების მიზნით. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზღვარი ვენჩურულ კაპიტალსა და პირდაპირ ინვესტიციებს შორის იმდენად პირობითი და ბუნდოვანია, რამდენადაც სქემატურია თვით კომპანიის განვითარების დონის სტადიებად დაყოფა. ნებისმიერი კომპანია, თუ ის არ იმყოფება გაკოტრების პირას, ასე თუ ისე ფიქრობს სამომავლო განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ზომის ფირმა შეგვიძლია მივაკუთვნოთ „განვითარების სტადიაზე მყოფის კატეგორიას ან ბაზრის წილის გაზრდის ხარჯზე, ან დივერსიფიცირების ხარჯზე ახალი ბიზნესის შეძენის გზით, ან კონსოლიდაციის ხარჯზე“. თითოეულ ამ შემთხვევაში სავარაუდოა გარე წყაროებიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების მოთხოვნის წარმოქმნა. უმრავლესობის აზრით, ვენჩურულ კაპიტალში აუცილებლად უნდა იგულისხმებოდეს ეკონომიკური სისტემების ინოვაციური განვითარების ფაქტორი, რომელიც წარმოადგენს სპეციალიზებული ინვესტორის ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლიობას, მაღალი მოგების მიღებისა და დაბანდებული სახსრების ზრდის მიზნით მიმართულს. ჩამოვაყალიბოთ თვისებები, რომლებიც უფრო სრულფასოვნად ახასიათებს ვენჩურული კაპიტალის სპეციფიკას. ვენჩურული კაპიტალის სპეციფიკის განმსაზღვრელი ნიშან-თვისებების რიცხვს  მიეკუთვნება:

  • · მაღალი მომგებიანობა მაღალი რისკის პირობებში;
  • · მისი ინვესტირებისას ინოვაციური ეფექტის წარმოქმნა;
  • · ინვესტირების სპეციფიკური სუბიექტები და ობიექტები.

 ამდენად, ვენჩურული კაპიტალი წარმოადგენს საინვესტიციო რესურსს ინოვაციური საქმიანობის უზრუნველყოფისთვის.

ვენჩურული ინვესტირება წარმოადგენს განვითარების ადრეულ სტადიებზე მყოფი კომპანიის პირდაპირ კერძო დაფინანსებას. ანუ ვენჩურული ინვესტიციები – ეს არის პირდაპირი ინვესტიციების სპეციფიკური სახეობა (ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნული ცნებები ურთიერთჩანაცვლებადია) და, შესაბამისად, აუცილებელია, გავმიჯნოთ ინვესტიციები ინოვაციურ საქმიანობისგან, რომელთათვისაც დამახასიათებელია დიდი განუსაზღვრელობა, მაგალითად, ინვესტიციებისგან სახელმწიფოს ფასიან ქაღალდებში. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა ინვესტირებადი კაპიტალის დაყოფა რისკის ხარისხის კრიტერიუმის შესაბამისად რისკის მინიმალური ხარისხის მქონე ინვესტიციებად, რისკის დაბალი ხარისხის მქონე ინვესტიციებად, რისკის საშუალო ხარისხის მქონე ინვესტიციებად და რისკის მაღალი, მაქსიმალური და კრიტიკული ხარისხის მქონე ინვესტიციებად.

ვენჩურული კაპიტალის განმასხვავებელ ნიშან-თვისებას, წარმოადგენს მისი გამოყენების სპეციფიკური სფერო. ვენჩურული კაპიტალის დაბანდება ხდება სამეცნიერო-ტექნოლოგიურ განვითარებაში, ინოვაციურ საქმიანობაში. მთლიანად ეკონომიკა ეფუძნება სამეცნიერო ცოდნის ერთობლიობას, ხოლო მისი ინოვაციური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი სამეცნიერო ცოდნის და სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების საშუალებით. კაპიტალის აღნიშნული სახეობა უნდა ხასიათდებოდეს ინოვაციური ეფექტების მიღების აუცილებლობით, რომლებიც წარმოაჩენს მის გავლენას სამეცნიერო-ტექნიკურ განვითარებაზე. ასევე აუცილებელია ხაზგასმით აღნიშნოს ვენჩურული კაპიტალის სინერგიული შემადგენელი ნაწილების არსებობა: პირველ რიგში, ფინანსური რესურსი (ფინანსური კაპიტალი) და, მეორე რიგში, ინვესტორის ეკონომიკური და ფიზიკური შესაძლებლობები (ადამიანური კაპიტალი).

განვიხილოთ საქართველოში ინოვაციური პროექტების დაფინანსების ტენდენციები. არსებული ფაქტორების სინერგიის შედეგად მიღებული კომპლექსური ფაქტორებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს ვენჩურული კაპიტალი, რომელიც ინოვაციურ მიმართულებასთან ერთად ითვალისწინებს ეკონომიკური სისტემების მომატებულ რისკებს, ეკონომიკური გარემოს არასტაბილურობას, ინოვაციების ციკლს, მეწარმეების რიგებში მმართველობითი უნარ-ჩვევების და საინვესტიციო პროცესის ცოდნის უკმარისობას. მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ვენჩურული კაპიტალის ინოვაციური ხასიათი, რომელიც ეყრდნობა მიღწევებს მეცნიერების დარგში, ახალი ტექნოლოგიების სწრაფ ათვისებას და ეფექტურ მენეჯმენტს. ის ქვეყნები, რომლებიც დღეს აკონტროლებენ ახალი ტექნოლოგიების შექმნის პროცესს, ხვალ გააკონტროლებენ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პროდუქციის ბაზრებს. ამ პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შედეგს წარმოადგენს ლიდერი ქვეყნების სავარაუდო დომინირება მსოფლიოს ძირითად ბაზრებზე, ამ ბაზრებიდან პერიფერიული ქვეყნების (საქართველოს ჩათვლით) შეგნებული განდევნის თანხლებით. 2016 წლის 30 ოქტომბერს დაიდო გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც მოცემულია ქვეყნების რეიტინგი მეცნიერებაზე და კვლევებზე დახარჯული თანხების მშპ-თან წილის მიხედვით. საქართველო ამ რეიტინგში რამდენიმე წელია საერთოდ არ მონაწილეობს. საერთაშორისო ორგანიზაციის KNOEMA მონაცემებითკი სურათი შემდეგია (ცხრილი 1):

ცხრილი 1

სხვადასხვაქ ვეყნების დანახარჯები სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე

 

საქართველო ჩამორჩება არა მარტო პოსტსაბჭოური და ჩვენთან საერთო წარსულის მქონე მეზობლებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი), არამედ „მესამე სამყაროს“ წარმომადგენლებს  – ტოგოს, კვიპროსსა და სხვა. ამიტომაც ქვეყნის ახალი იმიჯის შექმნის საკვანძო ფაქტორებად უნდა იქცეს სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის, განათლების, სამეცნიერო და ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენის გაძლიერება ეკონომიკაზე, სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე და მათ მიერ ხარისხობრივად ახალი მახასიათებლების და ფუნქციონირების მექანიზმების შეძენა. არ შეიძლება არ გაითვალისწინო ეკონომიკაზე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის ზეგავლენა, ვინაიდან მთლიანად ეკონომიკა ეფუძნება სამეცნიერო ცოდნას, ხოლო მისი ინოვაციური განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი სამეცნიერო ცოდნის და სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების ხარჯზე. საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი სამეცნიერო ბაზა და მაღალკვალიფიციური კადრები, თუმცა ამავდროულად ამ ინოვაციური პოტენციალის ორიენტაცია წარმოებასა და საქმიანობის სხვა სფეროებში საკმაოდ სუსტია. საქართველო ვერ შეძლებს თავისი სამეცნიერო პოტენციალის შენარჩუნებას მისი ეროვნულ ეკონომიკასთან დაკავშირების გარეშე, ხოლო ეკონომიკა ვერ გახდება კონკურენტუნარიანი სამეცნიერო საყრდენის გარეშე. 

დასკვნა

დღევანდელ მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში სულ უფრო იზრდება ტექ­ნო­ლოგიური ინოვაციების როლი, რადგან მათი მეშვეობით იცვლება მსოფლიო ეკონომიკა და ხელს უწყობს ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას. ინოვაციებში ინვესტიციების მოზიდვა აქტუალური პრობლემაა, ვინაიდან აღნიშნულ პროექტებს ახასიათებთ დაბანდებათა გრძელვადიანობა დასაწყის ეტაპზე უკუგების არარსებობა, ასევე  მაღალია დაგეგმილის შედეგის მიუღებლობის რისკი.

ადრეულ ეტაპებზე ინოვაციური სტრუქტურის მხარდასაჭერად არსებობს სახელმწიფო დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტი. ასევე შესაძლებელია ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა, ანუ კერძო ინვესტორების, მაგრამ რისკის მაღალი ხარისხის გამო მათ სჭირდებათ მოგების უზარმაზარი გამოქვითვა, ბიზნესის წილი და ა.შ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Lee Ch. Lee A., Lee Jh. 2010, Handbook of Quantitative Finace and Risk Management, Springer,
  2. Dzhamalov U. I., 2012, Attraction of investments into regions, M: Young scientist, No. 5.
  3. Султанов И. А. Инновационное направление инвестиций. http://projectimo.ru/upravlenie-investiciyami/investicii-v-innovacii.htm
  4. Андреева Т., Грибинча А. Проблемы привлечения инвестиций в инноваций как факторэкономического роста государства. http://studiamsu.eu/wpcontent/uploads/28.-p.173-177.pdf